პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევ ორ კანდიდატს მოუსმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი ცობეხიასა და იაგო ხვიჩიას მოუსმინეს.
პარლამენტის ინფორმაციით, საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების” დირექტორმა, გიორგი ცობეხიამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და არჩევის შემთხვევაში მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
კანდიდატის თქმით, ხელისუფლების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების მცირე ოდენობაა გათვალისწინებული. სახალხო დამცველობის კანდიდატმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ყურადღება სახალხო დამცველის უფლებებსა და ვალდებულებებზე გაამახვილა. კანდიდატმა ისაუბრა პანდემიის პერიოდზე, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის ერთგვარ გამოწვევაზე, ყურადღება გაამახვილა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ომბუდსმენის ზოგად მიდგომებსა და პოზიციაზე.
კანდიდატებმა, რეგლამენტის პროცედურის შესაბამისად, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისა და უფრაქციო დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხეს. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ანბანური თანმიმდევრობის სიის ბოლო კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება.
„საჯარო გასაუბრების ფუნქცია და დანიშნულება არის არა მხოლოდ დეპუტატთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ ეს არის საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, რომ ეს არის ერთგვარი უპატივცემლობა აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, როდესაც არ აძლევს შესაძლებლობას, რომ კუთვნილი უფლებით ისარგებლოს დეპუტატმა და კითხვა დაუსვას. ეს არის საზოგადოების უპატივცემულობაც, რადგან საზოგადოებას აქვს უფლება , სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან დაკავშირებით იყოს ინფორმირებული თანაბრად და თანასწორად ყველა სხვა კანდიდატთან მიმართებით”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დღეს დასრულდა. პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.