ირაკლი კობახიძე: გვარამია ზურაბიშვილს მოიხსენიებდა 3 სიტყვით, პირველს გაგახსენებთ, რეზიდენტი, მეორეს და მესამეს ეთიკის გამო არ ვიტყვი
„მე ვერ ჩავერევი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, შესაბამის ინსტანციებს აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, შეწყალების შემთხვევაში გამოვა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს.
“მე უბრალოდ გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს. სამი სიტყვა გამოიყენა მან, პირველს გაგახსენებთ, ეს იყო რეზიდენტი, მეორესა და მესამეს ეთიკიდან გამომდინარე არ გავიხსენებ.
როდესაც ამის შემდეგ ჩვენ თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, შეიწყალოს ნიკა გვარამია, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მგონი ეს ასე არ იქნება და მინიმალური პატივისცემა იქნება გამოვლენილი ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია შეწყალება“, – განაცხადა კობახიძემ.