პიერ სულაჟი და ნათელა იანქოშვილი – შავი ფერის ტრანსფორმატორები

ამ დღეებში ხელოვნების სამყარო ემშვიდობება გამოჩენილ ფრანგ მხატვარს, პიერ სულაჟს (1919-2022), რომლის სამოქალაქო პანაშვიდი ლუვრში გაიმართება და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.
პიერ სულაჟი ლეგენდარული ხელოვანია, რომელიც შავი ფერის ტრანსფორმატორად შევა მსოფლიო არტის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე შავს მუდამ ფერად არ განიხილავდნენ, მაგრამ სულაჟის შემდეგ, რასაც მან შავი ფერით მიაღწია, შეუძლებელია იგი ფერს არ მივაკუთვნოთ. მარკ როტკოსთან, ჯეკსონ პოლოკთან, რიჩარდ სერასთან ერთად მან ყველაზე დიდი როლი შეასრულა ამ ფერის სრული რეაბილიტაციისა და ლამის სიმბოლომდე ამაღლებისთვის.
„მე მიყვარს შავი ფერის ძლევამოსილება, მისი სიმკაცრე, მისი სიაშკარავე, მისი რადიკალიზმი”, – ამბობდა პიერ სულაჟი და მან შეძლო იმგვარი ტექსტურისა და ეფექტების მიღწევა შავი ფერის გამოყენებით, რომელმაც არნახული სინათლე და გამომსახველობა მიანიჭა მონოქრონულად მიჩნეულ შავს. ის ფხეკდა, ჭრიდა და ჩიჩქნიდა სქლად დადებულ შავი ფერის საღებავს. მუშაობდა საშლელით, კოვზით, პატარა ფოცხით და შავს მიღმა წარმოაჩენდა მის უთვალავ ჩრდილს, ელფერსა თუ ათინათს. შავი ფერიდან არეკლილი შუქი და სინათლე იქცევა მის წამყვან ინსტრუმენტად, სულაჟის შავი იმ ფენიქსს მოგვაგონებს, რომელიც ფერფლიდან აღდგა.
ამ არტისტის ნამუშევრები ცოცხლად პირველად 2000 წელს ლონდონის იაკობსონის გალერეაში ვნახე და სამუდამოდ დამამახსოვრდა. იმხანად სულაჟის საშუალო ზომის სურათები 10-დან 15 ათას ფუნტამდე ფასობდა. 2010 წელს „კრისტის“ აუქციონზე მისი ტილო 10 მილიონად გაიყიდა, შარშან ნიუ-იორკის „სოტბიზე“ კი მასში 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მისი ასი წლის საიუბილეო გამოფენა 2019 წელს გაიმართა ლუვრში და იგი იყო პირველი ფრანგი მხატვარი, ვისაც სიცოცხლეში ერგო ამგვარი პატივი.
მერეც არაერთხელ შემხვდა მსოფლიოს არაერთ მუზეუმში სულაჟის ტილოები და მყისიერად მახსენდებოდა ქართველი მხატვარი ნათელა იანქოშვილი, რომელმაც შავ ფერს ასევე არნახული და მანამდე უცნობი ელვარება და სხივი შთაბერა. ამ მხრივ იანქოშვილი არის მდიდარი და აუცილებლად საკვლევი მასალა, რომელიც ხელოვნების ისტორიაში არ არის სათანადოდ მონიშნული და აღიარებული.
ქართველი ხელოვნებათმცოდნეებისა და არტკრიტიკოსების კორპუსი ამ მხრივ რომ დაინტერესდნენ, აუცილებლად მივლენ იმ შედეგამდე, თუ რამხელა აღმოჩენას დაუდო სათავე ნათელა იანქოშვილმა შავი ფერით. სინათლე, რომელსაც იანქოშვილის შავი ასხივებს თავისი ესთეტიკური ღირებულებით ძალიან ახლოს არის და შეიძლება დროში წინაც კი უსწრებს სულაჟის საყოველთაოდ აღიარებულ მიგნებას.
იანქოშვილი ამ მხრივ ითხოვს შემდგომ შესწავლას და იმ პიედესტალზე შედგომას, რაც მას დამსახურებულად აქვს მოსაპოვებელი.
ქართველი მხატვრის განსაკუთრებულობა უმალ შენიშნეს გერმანელმა ალფრედ კორნფელდმა და ანნე ლანგმანმა, მათ გერმანიაში და მთელ მსოფლიოში ამ მხატვრის უკეთ წარმოსაჩენად გამართეს რამდენიმე გამოფენა, ევროპულ გამომცემლობებში დაბეჭდეს იანქოშვილსადმი მიძღვნილი კატალოგი და მონოგრაფია. ქართველი მხატვრის ცნობადობის ასამაღლებლად მართლაც დიდი და შედეგიანი აღმოჩნდა ბოლო ათი წელიწადი.
შემთხვევითი როდია, რომ იანქოშვილის ფერწერით დაინტერესდა ცნობილი ინგლისელი მხატვარი, არტკრიტიკოსი და პოეტი ალექსანდერ ადამსი. იგი გახლავთ გავლენიანი და პროდუქტიული არტკრიტიკოსი, რომლის აზრს და კვლევებს არაერთი სტატიისა და წიგნის სახით იცნობს თანამედროვე მკითხველი. მან წლეულს გამომცემლობა Prestel-ში, ორი წიგნი გამოუშვა. ერთი დეგას ეძღვნება, მეორე კი – მაგრიტს. მისი ავტორობით შესრულებული წიგნი ცხადია, დიდად წაადგება ნათელა იანქოშვილის შემდგომ გაცნობას და იმ განსაკუთრებული ნიშის დაკავებას, რაც დღეს თუ არა საბოლოოდ მაინც მოუწევს ქართველ მხატვარს.
ადრე, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირები არ არსებობდა, ჩვეულებრივი ადამიანები ასრულებდნენ წამყვან როლს ქვეყნებსა და კულტურებს შორის გაცნობასა და დაახლოებაში. ასე აღმოუჩინა სამყაროს ფრანგმა ლე დანტიუმ ფიროსმანი. და რადგან ფრანგებზე ვსაუბრობთ, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოში საფრანგეთის საელჩომდე მივიტანო ჩემი სათქმელი.
მათი უშუალო ვალია, რაც ღირებულია, უმალ შენიშნონ და დაეხმარონ მიჩქმალულსა და უგულებელყოფილს. მით უმეტეს, საფრანგეთი ხომ მხატვრობის ყველაზე მძლავრი და ასევე დამფასებელი ქვეყანაა? მათ ვერავინ ასწავლის ჭეშმარიტი არტის გაგებას და სათანადოდ დაფასებას.
საფრანგეთის საელჩო თბილისში ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ვფიქრობ, თავიანთ განრიგში იანქოშვილის ჩანიშვნა ძალზე საჭირო და სასარგებლო შედეგს დაუდებს სათავეს.
ქვეყანას, რომელსაც ჰყავს პიერ სულაჟი, როგორ შეიძლება არ დაინტერესდეს ნათელა იანქოშვილით?! ორი სრულიად განსხვავებულ გარემოში მცხოვრები მხატვრით, რომლებმაც შავი ფერი აირჩიეს თავიანთი არტისტული ესთეტიკის მთავარ მსაზღვრელად. სულაჟმა გარემოებათა გამო ბუნებრივად მოიპოვა მსოფლიო სახელი, იანქოშვილის მხატვრულ ღირებულებას კი, რადგან ის კარჩაკეტილ საბჭოთა კავშირში იქმნებოდა, სათანადო შეფასება არ მისცემია. საელჩოების მისია ხომ ამგვარი სიმრუდისა და უსამართლობის გამოსწორებაც უნდა იყოს?
მე მათ ვთავაზობ კონკრეტულ იდეას, რომ ქალაქ როდეზში, სამხრეთ საფრანგეთში, სადაც მხატვარი დაიბადა და სადაც 2014 წლიდან არსებობს პიერ სულაჟის მუზეუმი, ნათელა იანქოშვილის შემოქმედების წარდგენა გაიმართოს, თუნდაც რამდენიმე ნამუშევრით. ეს ექსპოზიცია ცხადყოფს, რომ არსებობს უცნაური დამთხვევები არტის სამყაროში.
გარდა ამისა, სულაჟს, რომელსაც მსოფლიო დიდება უკვე მოპოვებული აქვს, შეუძლია ერთობლივი გამოფენით კეთილი სამსახური გაუწიოს გენიალურ ქართველ მხატვარს, მის საერთაშორისო აღიარებას, რადგან „ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები