დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დიმიტრი ამილახვარის დიალოგის” ფორმატში მიმდინარე პროექტები განიხილეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის” ფორმატში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის” შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის თებერვალში, პარიზში მოაწერეს. დიალოგს ქართველი დიდგვაროვანის დიმიტრი ამილახვარის სახელი ეწოდა, რომელიც საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი და საპატიო ლეგიონის კავალერი იყო. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს გმირულად დაიღუპა.
მომხსენებლის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის თქმით, აღნიშნულ ფორმატში პირველი შეხვედრა 2019 წლის დეკემბერში გაიმართა, სადაც მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, საჯარო მოხელეებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე პოლიტიკური, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების და მიგრაციის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის საკითხები განიხილეს. “პირველ სხდომას მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ და ისაუბრეს საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყანას აინტერესებს. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყოველ წელს გაიმართოს შეხვედრები ამ ფორმატში. მორიგი შეხვედრა 2023 წელს თბილისში იგეგმება”, – განაცხადა მუხრან გულაღაშვილმა.
საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით „დიმიტრი ამილახვარის დიალოგის” მნიშვნელობაზე ისაუბრა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ალექსანდრე რუსეცკიმ. მან სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის სფეროებში ქართულ-ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო დიპლომატიის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება.
„საფრანგეთს საქართველოსგან განსხვავებით გააჩნია სამეცნიერო დიპლომატია. საფრანგეთის გამოცდილება ამ მიმართულებით არის უნიკალური. საფრანგეთი ამზადებს კადრებს და მის დიპლომატიურ კორპუსში არიან ადამიანები, რომლებიც აგებენ პასუხს საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებზე”, – აღნიშნა ალექსანდრე რუსეცკიმ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ქართულ-ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამისი თემატური კომიტეტების ჩართულობა. „მარტო დიასპორის კომიტეტი არ იკმარებს. უამრავი თემაა, სამეცნიერო თუ ლინგვისტური. უნდა ჩავრთოთ განათლებისა და მეცნიერების, კულტურის კომიტეტები”, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.