ნიკა მელია: ერთობის დარღვევაში „ნაცმოძრაობის“ წვლილი იყო დიდი, ამის შედეგს დღემდე ვიმკით
დაირღვა ერთობა და ამაში „ნაცმოძრაობის“ წვლილი იყო დიდი და ამის შედეგს დღემდე ვიმკით, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების ნაწილმა ძალიან არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა, მათ დაარწმუნეს ადამიანების ნაწილი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, რითაც დაირღვა ბოიკოტი.
„პირველი ნოემბრიდან რომ დაიწყო, მერე იყო 8 ნოემბრის აქცია, შემდეგ ცესკოსთან, როდესაც წყლის ჭავლით დაგვიპირისპირდნენ 9 ნოემბერს დილით ჩვენგან მოულოდნელად ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა – რა დროს ქუჩის აქციებია, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთო. პატარა პარტიის ლიდერებმა როდესაც დაინახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით ბზარი გაჩნდა და არ არის კონსენსუსი, ამის შემდეგ მათ გაუადვილდათ იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნაწილმაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა და ყველაფერი გააკეთეს, რომ მათ დაერწმუნებინათ ადამიანების ნაწილი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და დაირღვა ბოიკოტი. როდესაც ეს მოხდა, მე არ ვიყავი თავისუფალი, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.