თბილისის მერია: გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერია, თბილისის ზღვაზე, უსაფრთხოების ზომების გატარების წინააღმდეგია, დეზინფორმაციის დანერგვის მცდელობაა
თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო, განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის დანერგვის მცდელობას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.
მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ არასდროს გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. ტერიტორია, სადაც ჯებირების განთავსება იყო მოთხოვნილი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, უსაფრთხოებისთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია, შემოსაზღვრულია ღობით და განთავსებულია გამაფრთხილებელი აბრები.
შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტს მოუხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.