რუსუდან ხიზანიშვილის დღესასწაულებრივი ფერწერა – ახალი სიტყვა ქართულ მხატვრობაში
რუსუდან ხიზანიშვილის ნამუშევრები და თავად მხატვარი პირველად 2019 წლის მაისში, თბილისის საერთაშორისო არტბაზრობაზე გავიცანი. ამ ნამუშევრებიდან ცხადად იკითხებოდა მხატვრის ინტელექტი და გამოსახულების მრავალშრიანობა. ყურადღებას უმალ იპყრობდა ქართველი მხატვრისთვის უჩვეულო ფერების გამოყენებით. თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმგვარ პროგრესს, რომელიც რუსუდან ხიზანიშვილის არტმა ბოლო სამ წელიწადში განიცადა. უაღრესად წიგნიერ და ინტელექტუალურ ხელოვანში ახალმა და მძლავრმა შესაძლებლობებმა იჩინა თავი და ვიხილეთ სრულიად სხვა განზომილების არტისტი, რომელიც მნახველის გაოცებისთვის მრავალ კარიბჭეს ხსნის, უფრო სწორად, მისი ყველა ფერწერული ტილო ახალ ჭიშკარს გვიღებს შეუცნობელში სამოგზაუროდ.
ეს არის შთამბეჭდავი ვოიაჟი მხატვრობის, ლიტერატურის, მუსიკის, ბუნების, ისტორიის, მითოლოგიის წიაღში, რომელიც ქართველი მხატვრის გულსა და გონებაში ბადებს სრულიად უნიკალურ ანაბეჭდს, ენით გამოუთქმელ ფერწერულ მშვენიერებას, მთის წყაროსავით უშრეტად რომ მოედინება და მის მჭვრეტელს სიხარულით აჯილდოებს.
რუსუდან ხიზანიშვილის ბოლო წლების მიღწევებს პირველად ბერლინის საზოგადოება გაეცნობა, რადგან იგი გახლავთ ბერლინის Galerie Kornfeld-ის მხატვარი. გამოფენა 5 ნოემბერს გაიხსნება და 2023 წლის 17 იანვრამდე გაგრძელდება.
მხატვრისთვის წინამდებარე ექსპოზიცია იმითაც იქნება გამორჩეული, რომ დაიბეჭდა (გერმანული გამომცემლობა Ludvig Rage) მისი ახალი ნამუშევრების კატალოგი, რომელიც 60-მდე ფერწერას შეიცავს.
ბოლო ოცი წელწადია სულ ველოდი, რომ ქართულ ფერწერაში გამოჩნდებოდა ისეთი ავტორი, ვინც თამამად დაარღევდა მიღებულ ნორმებს და კანონებს ფერთან, სურათის არქიტექტონიკასთან, გამოსახვის ობიექტთან მიმართებაში. თვით რუსუდანთან საუბრიდან დამამახსოვრდა ასეთი ფრაზა: „სამხატვრო აკადემიაში გვასწავლიდნენ, რომ რაღაც ფერთან რაღაც ფერის გამოყენება არ შეიძლება”. სამხატვრო განათლების ამგვარმა შეზღუდულობამ გამოიწვია ის მოსაწყენი სიღარიბე, რაც თანამედროვე ქართულ მხატვრობას ახასიათებს. ისეთი ვერავინ გამოჩნდა, ვისაც ეყოფოდა სითამამე დამკვიდრებული კლიშეების გასაცამტვერებლად.
რუსუდან ხიზანიშვილი არის ის არტისტი, ვინც ბუნებრივად, ცოდნით, გამოცდილებით და ძიების დაუცხრომელი წყურვილით მივიდა ამ რევოლუციურ შედეგამდე. შეიძლება ითქვას, რომ მან რეფორმა მოახდინა, მისი ტილოების სახით ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი მხატვრული სინამდვილე. რითაც ქართულმა მხატვრობამ მოიცილა პროვინციული იერი და გახდა საერთაშორისოდ მისაღები და ანგარიშგასაწევი, რომელიც ერთნაირად იწვევს ინტერესს ბერლინში, ნიუ-იორკსა თუ სეულში.
რუსუდან ხიზანიშვილის ფერწერა მრავლისმთქმელი ფენომენია, რომლის გენეზისის კვლევას საუკუნეების სიღრმეებში გადავყავართ. ჩემი აზრით, მან ქართული მხატვრობის დავიწყებული ტრადიცია გააცოცხლა. კერძოდ, მე-17 საუკუნის მხატვარ-ილუსტრატორ მამუკა თავაქარაშვილის და იმავე საუკუნის ქართული წარმოშობის ირანელი მხატვრის ალი-ყული ჯაბადარის, Aliquli Jabbadar (1666-1694) შემოქმედებითი ხაზი, რომლებიც იმხანად ევროპულ, აღმოსავლურ და ქართულ სახვით პრაქტიკას ერთ მთლიან მხატვრულ მთლიანობაში უყრიდნენ თავს. არტისტულ კულტურათა თანაცხოვრების ამგვარი სახეობა ჩვენში საუკუნეების განმავლობაში დაიკარგა, დაშრა სიმდიდრის წყარო…
რუსუდან ხიზანიშვილის მსოფლმხედველობაზე უდიდესი ზეგავლნა მოახდინა მოგზაურობამ ამერიკაში, იქაური მხატვრობის, განსაკუთრებით კი ნეოექსპრესიონისტების სურათებმა. მოგზაურობამ, სხვა კულტურების ნახვამ და გაზიარებამ უდავოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი მხატვრის არტისტული პროფილის ჩამოყალიბებაში. თუმცა ამას მარტო მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები არ შველის, შენში უნდა იპოვო ძალა და შინაგანი მზაობა, ახლებურად შეხედო საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.
რუსუდან ხიზანიშვილის სურათებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს კარნავალური მსოფლშეგრძნება და გროტესკული ხატოვანება. თავად გროტესკიც ხომ ფერწერიდან მომდინარეობს და კედლის მხატვრობას უკავშირდება, რომელიც „გროტოებში“ ტიტუსის სარდაფებში აღმოაჩინეს მე-15 საუკუნის რომში. გროტესკი იმგვარ ფიგურატიულობას გულისხმობს, რომელიც ემყარება ფანტაზიისა და რეალობის უცნაურ, კონტრასტულ კომბინაციას – კომიკურსა და ტრაგიკულს, მშვენიერსა და მახინჯს.
გროტოს ორნამენტებში ფანტასტიკურად არის შერწყმული დეკორატიული და ფერწერული მოტივები. აქ მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა გამოსახვის ფორმების უცნაურად ლაღ თამაშს ვუყურებთ. ეს ფორმები ისე გადადინ-გადმოდინდებიან ერთმანეთში, თითქოსდა ერთმანეთს ქმნიან და განაპირობებენ. გროტესკი ხომ სხვა თვალს უხელს ადამიანს – საშუალებას აძლევს, რომ სხვაგვარად შეხედოს სინამდვილეს და არა ნორმალური, საყოველთაოდ აღიარებული წარმოდგენებით და შეფასებებით?!
მხატვრობის გარდა რუსუდანის წარმოსახვას კვებავს ლიტერატურა და ქანდაკებაც. და აქ უნდა გავიხსენოთ მისი საყვარელი ავტორი ფრანსუა რაბლე, რომელიც გროტესკული რეალიზმის მწვერვალია. უფრო ღრმად თუ წავალთ, უნებურად გაგვახსენდება არეცოს ქიმერა (Chimera of Arezzo), ეტრუსკული ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ლომის თავი აქვს, ზურგზე თხის თავი ადგას და კუდს გველის თავი აბოლოებს.
რუსუდან ხიზანიშვილი ღრმად იაზრებს გროტესკის მთელ ისტორიას და ქმნის საკუთარ ფერწერულ ვერსიას, სადაც მცენარეები, ცხოველები, ადამიანები, ნიღბები, კამუფლაჟები და ქიმერები უჩვეულოდ და ლაღად თანაარსებობენ ერთ სივრცესა თუ სცენაზე. სიტყვა „სცენა“ ალბათ შემთხვევით არ გამხსენებია, რადგან რუსუდანის ფერწერა ხაზგასმით თეატრალურია და სადადგმო ხელოვნებასთან საგრძნობ სიახლოვეს ავლენს.
რუსუდანის ფერწერული ხილვები ასევე განიცდის პიკასოსა და მატისის ფერწერის გავლენას. თუმცა ის სრულიად სხვაგვარ გაგრძელებას გვთავაზობს. პიკასოს მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა ძალიან უჩვეულო სერია ბიუსტების, კერამიკული ჭურჭლისა და ოთახის მცენარეების იკონოგრაფიის გამოყენებით. რუსუდანი თავის სურათებში ახლებურ დატვირთვას აძლევს ქანდაკებებს, ჭურჭელს, შემოჰყავს ცხოველები და ნიღბები. მისი ფერწერა ძალიან მკვეთრი და თვალისმომჭრელია. ის საოცრად ლამაზ ფონებს ქმნის, მთებს, მდინარეებს, მცენარეებს და სხვა დამატებით აქსესუარებს გამაოგნებელ მშვენიერებას ანიჭებს. განსაკუთრებით მეტყველია სუფრის დეკორები, რომლებიც არაამქვეყნიური სილამაზით ჯადოსნურ ხალიჩებს მოგაგონებთ. უნებურად მათ შემხედვარეს ფარაჯანოვის კინემატოგრაფიც გახსენდება.
რუსუდან ხიზანიშვილი წარმოგვიდგება ძალიან მნიშვნელოვან არტისტად, რომელიც, აზრობრივი და ესთეტიკური პლასტების სიღრმით და სიმდიდრით, მართლაც ამოუწურავი ხელოვანია. მისი გაბედული და ლაღი ტილოები მჩქეფარე ფერადოვან შადრევნებს მოგვაგონებს, რომელთა ცქერაც მოუწყინარ სანახაობას გვთავაზობს. ფანტასმაგორიებითა და მეტაფორებით არის გაჯერებული მხატვრის სახვითი ლექსიკა, რომელიც საკუთარ თავში უამრავ აღმოჩენას და საიდუმლოს შეიცავს.
რუსუდან ხიზანიშვილის სურათებში არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს მათი დასათაურებები. თანამედროვე მხატვრების უმრავლესობა შესანიშნავად ნიღბავს თავის უსუსურობას უსათაუროდ შერაცხილი არტეფაქტებით. მხატვარმა, რომელიც მთელი არსებით არის ჩართული სურათის შექმნაში, განა შეიძლება სახელი არ შეარქვას საკუთარ ნაწარმოებს? სათაური ხომ გეზს აძლევს მნახველს, საით წაიყვანოს თავისი აზრის მდინარე? ამ მხრივ რუსუდანი, მართლაც, უბადლოა და მისი სათაურები მუდამ მნიშვნელოვანი კომპონენტია სურათის არსში ჩასაწვდომად.
ბერლინის Galerie Kornfeld სამი წელია, რაც რუსუდან ხიზანიშვილთან თანამშრომლობს და ეს კოლაბორაცია სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. რუსუდანი განსაკუთრებით ემადლიერება გალერეის მფლობელს, ალფრედ კორნფელდს, რომელმაც ნიუ-იორკის გამოფენაზე აღმოაჩინა ქართველი მხატვარი, მერე საკუთარი გალერეის მხატვრად მიიწვია და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვებში. ევროპაში, ამერიკასა თუ აზიაში თანაბარ ინტერესსა და აღფრთოვანებას იმკის ქართველი მხატვრის გაბედული და მჟღერი ფერადოვნება.
კორეაში, კერძოდ, KIAF-სა და Art Busan-ზე, რუსუდანის ფერწერამ უდიდესი ინტერესი აღძრა და მათი შეძენის ათეულობით მსურველი აღმოჩნდა. ალფრედ კორნფელდთან თანამშრომლობით კმაყოფილია მხატვარი, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა გალერისტი არტისტს ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის წააქეზებს და ამხნევებს.
ბერლინის გამოფენის შემდეგ რუსუდანს დატვირთული 2023 წელი ექნება, რადგან თავისი გალერეის დახმარებით იგი ემზადება ახალი შეხვედრებისთვის სეულში, Untitled Art, Miami-ზე, ასევე შანხაის არტბაზრობაზე.
მჯერა, რუსუდან ხიზანიშვილის შესახებ ამიერიდან უფრო ხშირად მოვისმენთ, რადგან მსოფლიო არტის დიდ სცენაზე შემჩნევა და აღიარება შემთხვევით არ ხდება და მთავარი გამარჯვებები მას წინ ელოდება.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან