სევდია უგრეხელიძე: მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

  ფრაქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ თბილისის მერიის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის თანამშრომლებს აიძულებენ, დაწერონ განცხადებები და სამსახურიდან წავიდნენ.
„თბილისის მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყო ზეწოლა თბილისის მერიის თანამშრომლებზე, სამსახურების უფროსების და გამგებლების მოადგილეებზე, განყოფილებების უფროსებზე, რიგით თანამშრომლებზე, იმისათვის, რომ მათ დაწერონ განცხადებები და “საკუთარი ნებით“ წავიდნენ სამსახურიდან. ამ პროცესს ხელმძღვანელობს და მითითებს იძლევა ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჩახავა, რომელთაც, როგორც ჩანს, მერიის მართვა ადამიანებზე ზეწოლა და მათი იძულება ჰგონიათ. გვინდა შევახსენოთ, მარგიშვილს, ჩახავას და მერს, დავით ნარმანიას, რომ მათ პოლიტიკურ გუნდს ერთ-ერთ მთავარ “მონაპოვრად“ საოცარი დემოკრატიის შექმნის მიმართულებით მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი, რომლის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, აუცილებლად დადგება ყველა იმ თანამდებობის პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
ფრაქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ მერის მოადგილეს, ნინა ხატისკაცს მოუწოდებს, შეაფასოს აღნიშნული პროცესი და მოახდინოს მასზე რეაგირება, რადგან მისი წარსული სამუშაო სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირება და მათი გამოაშკარავება იყო. ფრაქციები ასევე მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოითხოვონ ინფორმაცია თბილისის მერიიდან, თუ რამდენმა ადამიანმა დაწერა უკვე განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და უახლოსი დღეების განმავლობაში გაუწიონ ამ პროცესს მონიტორინგი, რადგან ის ჯერ მხოლოდ დაიწყო და კიდევ გაგრძელდება. ამასთან, გააკეთონ შეფასებები გამოვლენილ დარღვევებზე და მათი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.
„მერიის თანამშრომლებს, რომელთა შრომის უფლება უხეშად ირღვევა, ვუცხადებთ თანადგომას და მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავიცვათ მათი ინტერესები ნებისმიერ უწყებაში“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები