,,მომავალი თაობის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია; აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს აჭარა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება” – სულხან თამაზაშვილი
დღეს გამართულ, აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტებს აჭარის მთავრობისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
,,მომავალი თაობის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს აჭარა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონში შევქმნათ თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რათა მოსწავლეებმა შესაბამის გარემოში შეძლონ განათლების მიღება” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
2025 წელს ექვსივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 საჯარო სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება ოთხი სკოლისა და ორი სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, 7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე, 14 სკოლის სრული და ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულია ტენდერი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა – ,,ჩვენ მივყვებით ჩვენს მთავარ მიზანს, რაც გულისხმობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურ ზრუნვას. ამ მიმართულებითაც კარგი სიახლე გვაქვს, ერთ თვეში უკვე დასრულდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და 90 ეკომიგრანტ ოჯახს გადავცემთ კეთილმოწყობილ ბინებს”.
სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში წარდგენილია მერობის და საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატები.
,,მინდა შევეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და გავაგრძელებთ რეგიონის გაძლიერებას. დღეს ქართველი ხალხის არჩევანი ქვეყნის განვითარებასთან ერთად, არის მშვიდობა და სტაბილურობა. ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს ღირსეული, პროფესიონალი და კვალიფიციური მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები. მათი გეგმები, ხედვა და მიზნები მიმართულია მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ. ამ ყველაფერში კი, ჩემი სრული მხარდაჭერა ექნებათ” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის სხდომაზე.