მიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე, ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას; მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში
„რეფორმის განხორციელების პროცესში, გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა, ცალსახად, დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და ის უკვე წარმატებულია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რაც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის რეფორმამდე არსებობდა.
„რეფორმამდე, ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, ასეთი შემთხვევებიც ფიქსირდება სამწუხაროდ – როდესაც ერთი მომხმარებელი, რამდენიმე პუნქტში, ერთდროულად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. საკმაოდ მრავლად არის ასეთი მანკიერებების თაობაზე ინფორმაცია. მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება, მომავალში. ეს უკვე სრულფასოვანი და უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ რეფორმა იყო სწორად დაგეგმილი და ასევე სწორად განხორციელდა. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს არის შემდგარი ფაქტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.