რატი იონათამიშვილი – ბრიუსელში ჯაფარიძე-ვაშაძის ვიზიტზე: ფაქტობრივად, ეს ადამიანები იქ ჩასული იყვნენ, რომ სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან დერეფნებში ,,სელფები,, გადაეღოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ბრიუსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ვიზიტს გამოეხმაურა.
“ამ ორი ბატონის, ბრიუსელში ვიზიტით რაც დადასტურდა არის ის, როგორი არაკომპეტენტური რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ვერ გაურჩევია იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ნიდერლანდის მოქმედი პრემიერმინისტრისგან და, ფაქტობრივად, ეს ადამიანები იქ ჩასული იყვნენ, რომ დერეფნებში სელფები გადაეღოთ სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, თანაც ისე, რომ არ იცოდნენ, სინამდვილეში, რომელ ქვეყანას ან პარტიას წარმოადგენდნენ, შესაბამისად, რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, ისინი მხოლოდ თავის არაკომპეტენტურობასა და უშინაარსობას გამოააშკარავებდნენ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ვიზიტი გაიმართა. ჯაფარიძის თქმით, პარალელურად, შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაშიც გაიმართა.