გენდერულმა საბჭომ ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა ჩაატარა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის საკითხზე – „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ” ზეპირი მოსმენა ჩაატარა.
ზეპირი მოსმენის ფარგლებში, საუბარი გაიმართა, საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობაზე, საავტომობილო გზების შემადგენელი ნაწილების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგზე საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში, წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებმა. გენდერული საბჭოს წევრის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ბაია კვიციანის განცხადებით, ზეპირ მოსმენამდე ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ რეგიონებში და თემატური მოკვლევის საკითხებთან დაკავშირებით ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
„თემატური მოკვლევის ფარგლებში, დღეს, ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენელებისგან მოვისმინეთ მოსაზრებები. მომავალში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვგეგმავთ კიდევ ერთ ზეპირ მოსმენას, რის შემდეგაც მოვამზადებთ ანგარიშს, სადაც გაწერილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციები”, – აღნიშნა ბაია კვიციანმა.
თემატური მოკვლევის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).