დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, – ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა.
მისი თქმით, ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბასილაშვილი არაეთიკური ტერმინებით ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება რომ დასჯადად შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.
„დაცვის მხარემ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება და ამ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ ტანჯვიდან გამომდინარე ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა, ბრალდების მხარეს ერთის მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორის მხრივ ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს ასე არ მოხდა.
იყო რამდენიმე შემთხვევა ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში, როცა ისმის, რომ ბატონი ნიკოლოზი არაერთი არაეთიკური ტერმინებით ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნელი დოროყაშვილს, მაგრამ ეს ქმედება რომ შევაფასოთ დასჯადად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა ხორციელდებოდეს დროის მცირე მონაკვეთში. მაგალითად, თუკი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა პირს 2017 წელს, შემდეგ უკვე 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუკი ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებებში სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებულად არ არის“, – განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.