ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მოსამართლის, ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, რამდენიმე ვიდეო და აუდიო ჩანაწერში მოსარჩელე ნელი დოროყაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნიკოლოზ ბასილაშვილს.
მოსამართლის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერებში იყო დამცირებისა და უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიების შემთხვევები.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს. ასევე, არის ეპიზოდები, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვქონდა რამდენიმე ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ქალბატონი ნელი დოროყაშვილის ქმედებები ქრონოლოგიაში გამოხატული და ამ ჩანაწერების მიხედვით, თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს. იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება“, – განაცხადა მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.