საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემებს ოკუპაცია და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენდა.
„ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ისინი არიან საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერები. შევთანხმდეთ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე, მით უფრო, რომ ეს პერიოდი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესთან დაკავშირებით, სამივე ამ ქვეყანას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რათა 2023 წელს ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყანა მხარს დაუჭერს არა მხოლოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არამედ, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპაზე.
„ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, რადგან ყველამ კარგად ვიცით რუსეთის აგრესიის ფასი”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ეს ვიზიტი გახლავთ ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნების სოლიდარობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა და შეგიძლიათ გქონდეთ იმედი, რომ ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის და სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისას, თქვენი ქვეყნის მხარდამჭერები ვიქნებით. ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლდათ შევხვედროდით საქართველოს მთავრობის და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს და მათგან მოგვესმინა როგორც 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა ასევე, რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები. პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზაციის პრობლემის აღმოფხვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ქვეყნისათვის სასიკეთო შედეგების მისაღწევად ძალისხმევა მაქსიმალურად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს”, – განაცხადა ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდს კოლსმა.
ლატვიის და ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფებიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე, საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებთან.