გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა ჰიდროლოგიის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი სწავლების მიზანია ალაზნის აუზში მდინარის ჩამონადენის პროგნოზირების სისტემის შექმნის დაგეგმვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი კლიმატის სერვისების საჭიროების განსაზღვრა.

ექსპერტებთან ერთად, მომზადდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, გარემოს ეროვნული სააგენტო, CENN-თან ერთად, მდინარის ჩამონადენის პროგნოზირების სისტემის დანერგვაზე იმუშავებს. სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან ექსპერტები პროექტის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებიდან.

აღნიშნული სწავლება მიმდინარეობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით“ (I-CISK) ფარგლებში, რომელსაც დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტი (IHE Delft) ახორციელებს 13 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმთან ერთად. მათ შორის არის CENN, რომელიც საქართველოში პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას წარმოადგენს.

პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას კლიმატის ისეთი სერვისები, რომლის საჭიროებაც აქვთ მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები