ირაკლი კობახიძე: სანქციებზე დიპლომატიური რეაგირება მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა, მე ემოციებს არ ავყვებოდი
“ზოგადად, ასეთ ნაბიჯებს რეაგირება სჭირდება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება, არ ვიცი”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა.
მისივე თქმით, საკითხზე რეაგირება მთავრობის პრეროგატივაა.
„ეს არის მთავრობა, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენც მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მე მაინც არ ვიჩქარებდი და დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ეს ერთი და მეორე, ეს ხალხი და ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ომია. აქედან გამომდინარე, მე ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებასთან. თუმცა, როგორი იქნება დიპლომატიური რეაგირება არის დიპლომატიური უწყების, მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს მოქალაქეებს: ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.