„გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, „გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მისი თქმით, გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ თანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

„გაგაცნობთ ორი საკანონმდებლო აქტის ცვლილებისგან შემდგარი პაკეტს, რომლებიც „გენდერული თანასწორობის შესახებ” და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებების პროექტს შეეხება. ორივე საკანონმდებლო აქტის ცვლილებას ერთი ძირითადი არსი ახასიათებს და იქ, სადაც მითითება კეთდებოდა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კომპეტენციებზე, იქვე გაჩნდება ფაქტობრივ უთანასწორობასთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე მითითება. ვფიქრობ, რომ პრინციპული მნიშვნელობის ცვლილებაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ძალისხმევის კონსოლიდაციის შესაძლებლობებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გაჩნდება კონკრეტული ფუნქცია, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ იურიდიული თანასწორობის უზრუნველყოფაზე, არამედ რეალური და კონკრეტული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისკენ. „გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პარლამენტმა 84 მომხრე, 3 წინააღმდეგით მიიღო. პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები კი – 87 მომხრე, 1 წინააღმდეგით იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები