“საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შანსი, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს” – ბრიტანეთში ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ, ქვეყნის პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ, დაუყოვნებლივ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
მისი თქმით, კონსერვატიულმა პარტიამ აჩვენა, რომ ქვეყნის მართვის მანდატი აღარ აქვს.
“თორის” 12- წლიანი წარუმატებლობის შემდეგ, ბრიტანელები ბევრად უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე ეს ქაოსია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “თორიელებმა” რეკორდულად მაღალი გადასახადები დააწესეს, გაანადგურეს ჩვენი ინსტიტუტები და შექმნეს საყოფაცხოვრებო კრიზისი. მათ ეკონომიკა იმდენად გაანადგურეს, რომ ადამიანებს უწევთ ყოველთვიურად 500 ფუნტის ოდენობის დამატებითი იპოთეკური სესხის გადახდა. მათ მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას წლები დასჭირდება“, – თქვა სტამერმა.
მისი თქმით, კონსერვატიული პარტია ბოლო წარუმატებლობებს ხელახლა “თითების ტკაცუნით” და ბრიტანელების გარეშე, ხალხის შეცვლით ვეღარ შეძლებს.
ლეიბორისტების ლიდერის თქმით, ბრიტანულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შანსი, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს.
”ჩვენ გვჭირდება საყოველთაო არჩევნები – ახლა”, – თქვა სტარმერმა.