ირანის ქალაქ არდებილში 15 წლის სკოლის მოსწავლე, ასრა პანაჰი უსაფრთხოების ძალების მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ გოგონამ ირანის სულიერი ლიდერის, ჰამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე თქვა უარი.
შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
მასწავლებელთა გაერთიანების საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასრა პანაჰი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე სკოლის მოსწავლედან, რომელიც არდაბილის ინციდენტის დროს დაშავდა. აღნიშნულია, რომ გოგონებს თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როდესაც მათ უარი თქვეს სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე.
ოფიციალური პირები მომხდარს უარყოფენ, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ გოგონას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
BBC წერს, რომ სკოლაში გოგონების პროტესტი უკავშირდებოდა მაჰსა ამინის დაღუპვას. კერძოდ, მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში, სათამაშო მოედნებსა და ქუჩაში წამოიწყეს აქციები. გოგონები ჰაერში თავსაბურავებს აფრიალებდნენ და სკანდირებდნენ – “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” და “სიკვდილი დიქტატორს” – მიანიშნებდნენ აიათოლა ჰამენეიზე.
არდაბილის მასწავლებელთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ სცადა – გოგონები იძულებით გამოეყვანა პროსამთავრობო აქციაზე, რომელზეც მათ აიათოლას სადიდებელი ჰიმნიც უნდა შეესრულებინათ.
ღონისძიების დაწყებისას, რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგების სკანდირება დაიწყო, რის შედეგად ისინი სცემეს. მოგვიანებით, როდესაც მოსწავლეები თავიანთ კლასებში დაბრუნდნენ, მათ კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, რა დროსაც 7 მოსწავლე დაშავდა, 10 დააკავეს. სწორედ დაშავებულთა შორის იყო ასრა პანაჰი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მისმა სიკვდილმა არდაბილის მაცხოვრებლების პროტესტი 15 ოქტომბრიდან გამოიწვია. ქუჩაში გასული სკანდირებენ – “თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება”.
Didban Iran-თან საუბარში არდაბილის დეპუტატმა, კაზემ მუსავმა თქვა, რომ ასრამ თავი მოიკლა, მან “დიდ რაოდენობით აბები გადაყლაპა”.
აღსანიშნავია, რომ “ბუნებრივი სიკვდილით” გარდაცვალების ვერსიას ირანის ხელისუფლება ავითარებს მაჰსა ამინისთან დაკავშირებითაც, რომელიც “მორალის პოლიციამ” სექტემბერში ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის სასტიკად აწამა და 22 წლის გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა.