სახელმწიფო დეპარტამენტი: პუტინის განკარგულება უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვედანტ პატელის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა.
როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.
„გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ არის საჭირო და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად რამეს დაწესებას, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.
მათ არანაირი სამართლებრივი პრეტენზია არ აქვთ. მათ არ აქვთ იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე. ეს არის უკრაინის მიწა და რუსეთმა უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დაარღვია გაეროს წესდება თავისი უკანონო ქმედებებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე – დონეცკსა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.