შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში რაც უნდა ეწეროს, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება

რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, თუ რატომ არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში.

პაპუაშვილის თქმით, რა ტექსტიც  უნდა ჩაიწეროს რეზოლუციაში, როდესაც ხდება ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, ასეთ რეზოლუციას მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნება.

„ყირიმის პლატფორმაზე ნამდვილად მივდივარ ჩემი კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით, რომელთანაც ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის, იცით, რომ ახლაც ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე რუანდაში, სადაც შევხვდით უკრაინის რადას პირველ ვიცე-სპიკერს და ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუგებთ ყველა ერთმანეთს და სამწუხაროდ, როგორ ხდება ძალით მცდელობა, რომ გაუგებრობა ჩამოვარდეს.

რაც შეეხება რეზოლუციას, გეტყვით ჩემ პირად პოზიციას. რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი, რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, იმას პირადად ჩემი მხარდაჭერა არ ექნება და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ როგორ დაუჭირეთ ამ რეზოლუციას მხარი 2008 წელს, ეს ვნახეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში, ჯამურად, 14 შესწორება შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები