გივი მიქანაძე – ოპოზიციას: როგორც ეს აბსურდული დამატება, ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას, არის თქვენი მხრიდან ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი

„ოპონენტებს რადიკალური ოპოზიციიდან შევახსენებ მათ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მივეცით – ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ყველა აქამდე ინიცირებულ რეზოლუციას ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის, გაეროს ბოლო რეზოლუციასაც, მხარი დავუჭირეთ; რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე მკაფიოდ დავაფიქსირე მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ, მაგრამ იქვე აღვნიშნე, რომ რეზოლუციის ტექსტი საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს. ამით, ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან მიმართებით ყველასთვის გასაგებად დაფიქსირდა. ამის შემდეგ, გავაპროტესტე წარმოდგენილი აბსურდული ცვლილება, რაც კენჭისყრაზე დადგა. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილება ტექსტში აისახა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო რეზოლუციის საბოლოო ტექსტის კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება. როგორც ეს აბსურდული დამატება, ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას არის თქვენი მხრიდან ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრთა განცხადებებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით 56 ხმით მხარი დაუჭირეს ამ აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში. „გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია”. ამ რეზოლუციაში ნაციონალურმა მოძრაობამ და უკრაინის რადას დეპუტატთა ჯგუფმა ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით, ზუსტად ბოლო წუთს შეაპარეს შესწორება, სადაც ფრჩხილებში მსჯავრდებული სააკაშვილი არის მოხსენიებული.

650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით 56 ხმით მხარი დაუჭირეს ამ აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში. აღნიშნული შესწორება აბსურდულია იმიტომ, რომ როგორც სრულიად საქართველომ, ასევე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი არაერთ საქმეში.
აღნიშნული, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებითაც იქნა აღიარებული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები