აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა
შეერთებული შტატები ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევაა. ჩვენ ამ შეფასებას ვეთანხმებით“, – აღნიშნა პატელმა.
მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსული თავდასხმები ირანული „შაჰიდ-136“-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენებით მოხდა.
თავის მხრივ, ირანი უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფს, კრემლს კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.