საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად განიხილა მას მხარი დაუჭირა.

„2023 წლის ბიუჯეტმა, პანდემიური და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული შოკების შემდეგ, ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობა და იყოს მდგრადი ზრდის საფუძველი”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

„საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია”- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

გააცნო მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები. გიორგი კაკაურიძემ მხარჯავი უწყებებისთვის გამოყოფილ თანხების მოცულობებზე და ასევე, იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა კომიტეტის წევრებს, გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ გააცნო. მან ბიუჯეტის პროექტი, გარკვეული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ოპტიმისტურია.

ასევე, ბიუჯეტის დეფიციტი პროგნოზირებულია 2,9%-ის დონეზე და კანონით დაწესებული 3% -იანი ლიმიტის ფარგლებში ბრუნდება. ასევე, მისასალმებელია, რომ მცირდება ვალის მაჩვენებელი. როგორც გენერალური აუდიტორის მოადგილემ აღნიშნა, მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ფისკალური კონსოლიდაციის პროცესი, რის შედეგადაც, რიგი მაჩვენებლები რომლებიც 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული მიღწეულია მიმდინარე წელს. ეკატერინე ღაზაძის თქმით, მიზანშეწონილია ფინანსთა სამინისტრომ, ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, ვალის მართვის სტრატეგია განიხილოს, განისაზღვროს ვალის მომსახურების ხარჯების შეფასების ინდიკატორები და ზღვრული მაჩვენებლები.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეფასებით 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული, არსებული დაშვებების საფუძველზე შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით”, – განაცხადა ეკატერინე ღაზაძემ.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დასკვნა კომიტეტის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გააცნო. მისი თქმით, 526 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავალი და ამასთან ერთად, ასევე იზრდება ხარჯვითი ნაწილი, რაც შრომის ანაზღაურების ზრდისკენ, სოციალური უზრუნველყოფის და სუბსიდიების გაცემისკენ იქნება მიმართული, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მდგრად დონეს უბრუნდება. „საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით 2022 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად, რეალური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, ეკონომიკის ციკლური პოზიცია კი დადებითი”, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო პროცესი დეკემბერში, ბიუჯეტის დამტკიცებით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები