პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს, – ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს.
„მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ. პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს.
შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო, ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, უკვე გამოძიება დაადგენს, ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულს ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტო არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა რომ მანდ დენია. შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად, იცით რა არის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე ვერ ვიტყვი. გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა, უნდა მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა, მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ ასე არ ხდება. გვქონდა დაყენებული, ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად გაჟონვის ღელე, ასე ჰქვია, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით, ღირს 300 ლარი და არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, აი ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის ღელე. ძაან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს რა მოხდა, ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა ბოლო რა ვიცი რამდენი წლის განმავლობაში, ნუ ჩემი გადმოსახედიდან 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.