თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე პირია დაკითხული.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება შემსრულებელი კომპანიიდან და თბილისის საქალაქო სამსახურიდან ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს.
„მომხდარ ფაქტზე შსს-ის მიერ დაწყებულია240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით, 100-მდე პირია ამ დრომდე დაკითხული. გამოძიება სწავლობს თბილისის საქალაქო სამსახურიდან და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიიდან ამოღებულ დოკუმენტაციას. გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ წუთშიც ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩვენი ინტერესიც არის სწრაფად და მალე გავარკვიოთ მიზეზი რა მოხდა. გამოძიების შესახებ ეტაპობრივად გაცნობებთ“, – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.