“იქნებ, ОДКБ-მ რეგიონი დატოვა და ამას არ გვეუბნებიან?!” – სომხეთის პარლამენტის სპიკერი
სომხეთში შიშობენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ – (კუხო)(ОДКБ) შესაძლოა, რეგიონი დატოვოს ან უკვე დატოვა, თუმცა, ერევანი ამის შესახებ ინფორმირებული არ არის?!, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განუცხადა და დასძინა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ამ და სხვა საკითხების გარკვევას ცდილობდა.
სიმონიანმა თქვა, რომ სომხურმა მხარემ რუსეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მონაცემები წარადგინა, ასევე, საკუთარი მოლოდინები გააჟღერა.
“შევეცადე – გამეგო, სწორად აღიქვამს თუ არა რუსეთი იმას, თუ რა ხდება რეგიონში და ემზადება თუ არა ნაბიჯების გადადგმისთვის. ყარაბაღის საკითხი რეგიონულ კონტექსტში განიხილებოდა”, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, რუსეთში მას უთხრეს, რომ აპირებენ რეგიონში გააქტიურებას, თუმცა, მისი თქმით, უცნობია – ეს როდის მოხდება.
გარდა ამისა, სომინიანის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება კუხო-ს კრიტიკაზე გამახვილდა.
“რუსეთში თქვეს, რომ მე გავაკრიტიკე კუხო. მე ვუპასუხე, დიახ, რადგან ჩვენ ველოდებით კუხო-სგან უფრო გადამწყვეტ ქმედებებს. საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, სომხეთს სურს კუხო-დან გასვლა, მაგრამ ჩვენ გვინდა, გავიგოთ: იქნებ, სწორედ კუხო გეგმავს ან უკვე დატოვა რეგიონი და ჩვენ უბრალოდ ამას არ გვეუბნებიან?”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.