Наша Ніва: ბელარუსში ფარული მობილიზაცია გამოცხადდება

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში ფარული მობილიზაციის გამოცხადება გადაწყვიტა.

ამის შესახებ გამოცემა Наша Ніва ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ინფორმაციით, მობილიზაცია ჩატარდება საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების საფარ ქვეშ.

პირველ ეტაპზე, მობილიზაციას სოფლების მოსახლეობა დაექვემდებარება.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ოფიცერმა უთხრა, ”2000-მდე ადამიანის გაწვევა ცალკეული დანაყოფების დამატებით დაკომპლექტებაზე მიუთითებს ვიწრო საბრძოლო მისიებისთვის, მაგალითად, საარტილერიო”.

გამოცემას ანონიმური წყარო ეუბნება, რომ საგანგაშო ვითარება იქნება მაშინ, როდესაც მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა რიცხვი 5 ათასს გადასცდება.

“ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაგეგმილია დამრტყმელი ძალის შექმნა. თუ 10 000-ს გადააჭარბებს, რამდენიმე ჯგუფი იქნება”, – თქვა მან.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ბელარუსში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განმარტა, „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი და დავრწმუნდეთ, რომ დამპყრობელმა ფეხი ჩვენი მიწის არცერთ მეტრზე არ შემოდგას. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა სამართალდამცავ უწყებებთან არაერთი შეხვედრა გამართა და შემოღებულია ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“.

მისი თქმით, იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო გეგმავს პროვოკაციას, რომელიც ბელარუსის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთის დაკავებასთან არის დაკავშირებული.

მისი თქმით, ბელარუსის უსაფრთხოების ძალები მზად არიან, შეეწინააღმდეგონ “ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც შესაძლოა, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან წარმოიშვას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები