“ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ძალების მობილიზაციას ახდენენ, ყირიმში კი 400 უცხოელი მებრძოლია გადასროლილი” – უკრაინის გენშტაბი
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 400-მდე უცხოელი მებრძოლი გადაისროლეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„დანაკარგების ასანაზღაურებლად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაქირავებულთა რეკრუტირების პრაქტიკას არ ეშვება. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დაახლოებით, 400 უცხოელი მებრძოლი ჩაიყვანეს. სამომავლოდ, დაგეგმილია მათი ჩართვა საომარ მოქმედებებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკში, შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრებში მობილიზებულთა გაგზავნა 1-ელ ნოემბრამდეა შეჩერებული.
“ეს დაწესებულებები განთავსებისთვის, მომზადებისა და დიდი რაოდენობის პირადი შემადგენლობის ყოვლისმომცველი უზრუნველყოფისთვის არ არიან მზად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პერსონალს აძლიერებენ.
„ქალაქ ენერგოდარში 10-11 ოქტომბერს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აღინიშნა რუსეთის საოკუპაციო ჯარების პერსონალის მატება. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები სადგურს პერსონალის დასაბინავებლად იყენებენ იმის გამო, რომ ობიექტის დაბომბვა არ მიმდინარეობს“, – აღნიშნულია რეზიუმეში.
ასევე, მტერი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.