შალვა პაპუაშვილი: ყველა შეგვძრა ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა, გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია
ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.