“ბავშვები დილიდან არ იყვნენ სკოლაში” – რას ამბობს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით 55-ე სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მოზარდები სკოლაში დღეს საერთოდ არ ყოფილან.

მისივე თქმით, დამრიგებელმა აღნიშნულის შესახებ მოსწავლეების მშობლებს დილითვე შეატყობინა.

„მოსწავლეების ნაწილი არ გამოცხადდა სკოლაში. დამრიგებელმა ამის შესახებ მშობლებს შეატყობინა. სამი მოსწავლე იყო მხოლოდ კლასში. ეს ბავშვები სკოლაში დილიდან არ იყვნენ. სკოლას მანდატურები და დარაჯები აკონტროლებენ, ამიტომაც, მოსწავლეები მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით გადიან, მშობლებთან შეთანხმებულია ხოლმე გასვლის საკითხი”, – აღნიშნა დირექტორმა ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები