თელავში მოკლული ქალის ოჯახი და ახლობლები მოსამართლის წინააღმდეგ აქციას მართავენ
“წიკლაური კლავს”, „მოსამართლე წიკლაური მკვლელების მფარველი” – თელავის რაიონულ სასამართლოსთან აქციაა. მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილი მამუკა წიკლაურმა სასამართლო დარბაზიდან 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში 22 წლის ახალგაზრდამ მარიამ გამტკიცულაშვილი ცივი იარაღით მოკლა.
“დღეს მარიამის დაკრძალვაა, რომ არა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, ის ცოცხალი იქნებოდა. ხომ იცოდა, რომ მოძალადე იყო, ხომ იცოდა, რომ ემუქრებოდა მარიამს, რის საფუძველზე გამოუშვა? ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. მკვლელის სამუდამო პატიმრობას და მოსამართლის წასვლას”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სასამართლოს მიმდებარედ შეკრებილების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გარდაცვლილის ოჯახი აქციებს აანონსებს.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს თელავში 22 წლის ბიჭმა 26 წლის ქალი მოკლა.