გიორგი გასვიანს ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ – ჟურნალისტის პასუხი
ფეისბუქგვერდი – “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი” ჟურნალისტ გიორგი გასვიანს ქალზე ძალადობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ინციდენტი მისი და ოჯახის წევრების მხრიდან ძაღლის მიმართ აგრესიას მოჰყვა.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ მარტოხელა დედას იმიტომ, რომ ის შესული იყო ძაღლით. მოითხოვდნენ ცხოველის მოშორებას, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ამას შეეწინააღმდეგა პატრონი და მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აღელვებული ქალი მიიყვანეს თვითმკვლელობის მცდელობამდე და აღმოჩნდა საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს.
ხვალ იმართება სასამართლო პროცესი, რასაც გვერდი აქტიურად მივადევნებთ თვალს.
ამავდროულად, როგორც ორგანიზაცია ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, ვთავაზობთ დაზარალებულ ქალს იურიდიულ მხარდაჭერას.
არავის შერჩება ცხოველსა და ადამიანზე ძალადობა, რაც უნდა ,, ცნობადი” იყოს საზოგადოებაში”, – წერს გვერდის ადმინისტრაცია.
პოსტს ჟურნალისტიც გამოეხმაურა. როგორც გასვიანი წერს, აღნიშნული სიცრუე და ფაქტების გაყალბებაა.
“ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და თქვენი გვერდი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან. საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე, 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! არსებობს ვიდეო მტკიცებულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით (126) და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!”, – წერს გასვიანი პოსტის კომენტარებში.
ამასთან, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ამავე პოსტის კომენტარებში დებს ვიდეოს, სადაც ასახულია ინციდენტის ნაწილი: ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა, რომელზე ძალადობაშიც გასვიანს ადანაშაულებენ, ჟურნალისტისა და მისი ოჯახის, მათ შორის, 6 თვის ბავშვის მიმართულებით სკამს ისვრის.
როგორც ირკვევა, დღეს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც ბრალდებული სწორედ ის ქალია, რომელმაც სკამი ისროლა. საქმე სსკ-ის 126-ე ძალადობის მუხლითაა აღძრული.