ბრიტანეთი უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს გადასცემს, რომლებსაც რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა საშუალო დიაპაზონის “ჰაერი-ჰაერი” ტიპის რაკეტები (AMRAAM) გააუმჯობესა და ისინი ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს კვირებში. ამ რაკეტების გამოყენება შესაძლებელი იქნება NASAMS-ის “მიწა-ჰაერის” ტიპის სარაკეტო სისტემასთან ერთად, რომლის მიწოდებას კიევისთვის აშშ გეგმავს.
გარდა ამისა, ლონდონი კიევს ასობით სხვა ტიპის საზენიტო რაკეტებს გადასცემს, დიდი რაოდენობით დრონებს და ჰაუბიცებს.
როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა თქვა, “რუსეთის უახლესი განურჩეველი დარტყმები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საჭიროებს იმათ მუდმივ მხარდაჭერას, ვინც ცდილობს, დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამიტომ, დღეს უკრაინისთვის AMRAAM-ის საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე ნებართვა გავეცი”.