კახა ძაგანია: „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ითხოვს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში“ გვარი ჩაწერონ, სამართლებრივ სისტემაში არ მომხდარა ის, რომ კანონი ერთ ადამიანზე გამოსულიყო

„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ითხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში“ გვარი ჩაწერონ, როგორც სპეციალისტი – პირდაპირ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, სამართლებრივ სისტემაში არ მომხდარა ის, რომ კანონი ერთ ადამიანზე გამოსულიყო“, – ამის შესახებ პარტია “მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ძაგანია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„ხელისუფლებამ პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანა. ეს საკითხი ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს5 შესასრულებლად დაავალა იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ კანონთან დაკავშირებით ერთი ამბავი ატყდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ითხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში“ გვარი ჩაწერონ, როგორც სპეციალისტი, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, სამართლებრივ სისტემაში არ მომხდარა ის, რომ კანონი ერთ ადამიანზე გამოსულიყო.

მეორე საკითხია დეპოლარიზაცია. ჩვენი კოლეგები და მეგობრები ევროკავშირიდან პირდაპირ გვთხოვენ,  რომ პოლიტიკურ ამბიციებს, პოლიტიკურ რეიტინგებზე ჩხუბს თავი გავანებოთ და ამ 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა ერთად დავიწყოთ. თუ ეს 12 პუნქტი შესრულდა და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „ქართული ოცნება“ დიდ რეიტინგს მიიღებს. ეს ამბავი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს. ამ პარტიის ხელისუფლებაში მობრუნება კანონიერი, კონსტიტუციური გზით ისედაც შეუძლებელია, მაგრამ ამით საერთოდ გზა დაეკეტებათ. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ჩემი ინფორმაციით, ძალიან დიდი შანსია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ერთად დავმსხდარიყავით და ამ 12 პუნქტზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აგვეღო, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ეს მარტო „ქართული ოცნების“ მონაპოვარი არ იქნებოდა, ეს მონაპოვარი ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე გადანაწილდებოდა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად არიან თავიანთ პირად სიკეთეებზე გადართულები, რომ წინ ვეღარ იყურებიან. ის მითიც, რომლის თანახმადაც, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დამნაშავეები კი იყვნენ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები ჰყავდათო, იმსხვრევა. მათ უარი თქვეს, რომ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე ხელისუფლებასთან ერთად ემუშავათ. ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმას ქომაგობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რათა „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულები არ დააგროვოს. წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა. რა დეპოლარიზაციაზეა საუბარი?

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხიდის აფეთქების მონაწილეებს შორის საქართველოს 2 მოქალაქე იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა დასკვნებია აქედან გასაკეთებელი. უნდა ვიცოდეთ და ყურადღება მივაქციოთ იმას, რაში სჭირდებოდა ოკუპანტ რუსეთს ამ განცხადების გაკეთება. არის, თუ არა ეს დამატებითი მუქარა რუსეთის ფედერაციის მხრიდან? ხელისუფლება და ოპოზიცია ამას უნდა აქცევდეს ყურადღებას“, – განაცხადა ძაგანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები