გენდერული თანასწორობის საბჭოში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს და ნატოს მისიის თავდაცვის კომიტეტის ინიცირებით გამართულ შეხვედრაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პარლამენტის როლზე უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროცესში. მოისმინეს პრეზენტაცია – უსაფრთხოების სექტორის უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში გენდერული პასუხისმგებლობის სტრატეგიების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების თაობაზე, რომელიც DCAF – უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის გენდერისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა, ქრისტინა ფინჩმა გააკეთა.
გაიმართა დისკუსია თემაზე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელება და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება გენდერულ ჭრილში”. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ამ მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
„მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ იმ მოცემულობაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს “13 25″ რეზოლუციასთან დაკავშირებით არსებობს ქვეყანაში, ესაა ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგში ჩართვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პოლიტიკა, რომელსაც სქართველო არის შეერთებული. ითქვა, რომ ყველა დარგობრივი უწყება, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ სხვა დანარჩენი, საკუთარი მიმართულებებით უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ამ კუთხით”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, დღეს ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ნატოს მისიის თავდაცვის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში თემატური მოსმენების ჩატარებას. ასევე, მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული კანონმდებლობის გენდერული ანალიზის გაკეთებას. „შევთანხმდით, რომ მომზადდება თემატური ანგარიში ქალების მონაწილეობაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. და რაც მთავარია, ვფიქრობთ რეგიონულ ჭრილში ამ საკითხების გატანას. ვგულისხმობ სქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ქალების თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.