შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება (ფოტო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას ესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქ რუსთავის მერი.
“კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები და ბავშვები სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად, უკვე დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლები სკოლებში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.
კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეხვედრები სკოლებში ბათუმსა და ზუგდიდში უკვე გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.