გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება, განხილულ იქნეს, როგორც პიროვნული თავდასხმა.
“პერსონალური თავდასხმები მე მახსოვს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან. ნიკა გვარამია კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის, შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა, უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება, საპირისპირო მოსაზრება გაგვაჩნდეს იმისგან, რასაც აცხადებს ქალბატონი ელჩი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბონი ჯენკინსის განცხადებით, თავდასხმები კელი დეგნანზე არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ, რომელიც შექმნა ერთმა ადამიანმა.