“მოვუწოდებთ საქართველოს, უარი თქვას ამერიკის გავლენაზე და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს” – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, “საქართველომ ოფიციალურად უარი თქვა აფხაზეთთან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

ამის შესახებ მან ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის შეჯამებისას თქვა, რომელიც 5 ოქტომბერს ჩატარდა.

“მოვუწოდებთ საქართველოს, უარი თქვას ამერიკის გარე გავლენაზე, მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს. საქართველოს უარი ძირს უთხრის უსაფრთხოების არქიტექტურას ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა არძინბამ.

28 სექტემბერს “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში არძინბამ თქვა, რომ “საქართველოსთან ომის დაწყების ალბათობა მაღალია, სანამ დოკუმენტს არ მოეწერება ხელი და ეს 5-6 ოქტომბერს შეიძლება, მოხდეს”.

„ოქტომბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, 5-6 რიცხვში იგეგმება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის. თუკი საქართველო მშვიდობაზეა განწყობილი, მაშინ ის მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. თუ მას არ სურს მშვიდობა, ეს ნიშნავს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. შემიძლია, ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, – დაასკვნა ინალ არძინბამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ ახორციელებს ზეწოლას “საქართველოზე, რომ მან გახსნას „მეორე ფრონტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები