ირაკლი ზარქუა: მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, ოპოზიციაში – თურმე, რა ხარჯები ჰქონიათ და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა
მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, ოპოზიციაში, თურმე, რა ხარჯები ჰქონიათ და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
„მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, ოპოზიციაში, თურმე, რა ხარჯები ჰქონიათ და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა. სოსო თოფურიძე ხომ იცით, რომელიც არის? დაცვა 18 ათასი ლარი, მივლინებები 40 ათასი ლარი, თურმე, საწვავი ოთხი ტონა და ა.შ. ეს ხალხი შემდეგ დაიცავს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის უფლებებს? ამიტომაც არის, პარტიაში რომ შემორჩათ 17 კაცი, რომლებიც მათი მიმდევარია.
ამას ვამბობდით, რომ უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს სასაცილოა. არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ ამაზე კომენტარი მე გავაკეთო. ერთი ჯალათი დანარჩენ მწვალებლებს უთვლის ხარჯებს, რაში დახარჯეს ფული, როგორ გამოიყენეს და ხალხი რომ არ აინტერესებთ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ მათი ინტერესი არ არის ის ხალხი, ვინც მათი მიმდევარია. მათმა მიმდევრებმაც გაშიფრეს ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები. რანაირად უნდა დაარწმუნოს ახლა ან ჭიჭე ვაშაძემ, ან მელიამ, რომ ხალხზე გადამკვდრები არიან და მათ ინტერესებს იცავენ. ერთიც, მეორეც ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან? – არა. ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. ესენი არიან მწვალებელთა პარტია, ძალიან დიდი ნაწილი გასამართლდა, ახლა თოფურიძეც გამოჩნდა და ალბათ, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება, საიდან იყო, როგორ არის და რანაირად. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სპექტრის მთელი ტრაგიკომედია“, – განაცხადა ზარქუამ.