„გაუმართავი ავტომობილი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოს ორჯერ და სამჯერ მეტ ზიანს აყენებს“ – ეკა ლალიაშვილი

როცა ავტომობილი გაუმართავია, ის  გარემოს, მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას ორჯერ და სამჯერ მეტ ზიანს აყენებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ლალიაშვილმა ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და პარლამენტში ინიცირებული ის ცვლილებები შეაფასა, რომელიც ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  გამკაცრებას ითვალისწინებს.

„დღეს ტექინსპექტირებაზე ვსაუბრობთ, რაც მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით 25-30 %-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზების და გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ვიცით, რომ პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტმა უკვე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო მეორე და მესამე შემთხვევაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, პირველადი ჯარიმა 50 ლარია, მაგრამ თუ 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმა, პრაქტიკულად, აღარ მოგვდის, ახალი კანონმდებლობის პირობებში ჯარიმის ოდენობა იმდენად იზრდება, რომ მძღოლებს ტექდათვალიერების გაუვლელობა აღარ უღირთ. პრაქტიკულად, ეს არის სტიმულირება, რომ ისინი მივიდნენ და თავიანთი ავტომობილები გამართონ. რატომ უნდა გავმართოთ ავტომობილი: პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლებაა, მსგავსი ტიპის საკითხებზე საუბარი მხოლოდ ჯარიმის გამო არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა იყოს მხოლოდ ჯარიმის შიში, დროა, ეს განწყობები გადავლახოთ და ჩვენი ავტოტრანსპორტი გაცნობიერებულად გავმართოთ. დღეს გამონაბოლქვი ყველას აწუხებს. ბოლო პერიოდში საცობები გახშირდა და ესეც დიდ გამონაბოლქვს იწვევს. როცა ავტომობილი გაუმართავია, ორჯერ და სამჯერ მეტ ზიანს აყენებს გარემოს, მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას. შეიძლება ამას მოკლევადიან პერსპექტივაში იმდენად ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში თავის უკუშედეგს აუცილებლად გამოიღებს“ – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში მკვეთრი გამონაბოლქვი კონტროლდებოდეს.

„ბევრი ავტომობილი გვინახავს ქუჩაში, რომელსაც მუქი ფერის გამონაბოლქვი აქვს. ქუჩაში ამის ადმინისტრირება არ ხდება. ასევე ძირეული საკითხია, რომ აღნიშნულზე ზრუნვა დავიწყოთ, სამინისტროები ამ საკითხში ჩაერთონ. ამაზე საუბარი ადრეც იყო. ვფიქრობ, დროა, რამდენიმე ეკიპაჟი მაინც იყოს გამოყოფილი იმისთვის, რომ ქუჩაში მკვეთრი გამონაბოლქვის შემოწმება და სანქციების გამოწერა მოხდეს. ეს მძღოლებში გააჩენს განცდას, რომ თავიანთი ავტოტრანსპროტი გამართონ.
ასევე მნიშვნელოვანია იმ სტატისტიკის შეგროვება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი საგზაო შემთხვევა ხდება, რომელიც ავტოტრასპორტის გაუმართაობითაა გამოწვეული. ამ მიმართულებით სტატისტიკას არ აღვრიცხავთ. რადგან არ არის მონაცემები, არც საზოგადოებაში, არც ხელისუფლებაში იმის განცდაც არ არის , რომ ავტომობილების გაუმართაობის გამო შეიძლება, ფატალურად და მძიმე შედეგებით დასრულებული ავტოავარიები ხდებოდეს. ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა მოქმედების დროა. არაერთი საგზაო შემთხვევა მომხდარა, თუნდაც საქალაქთაშორისო გადაყვანის დროს, როდესაც მგზავრები გაუმართავი ავტოტრანსპორტით გადაჰყავდათ და საგზაო შემთხვევა ან ფატალურად დასრულებულა, ან ათეულობით მგზავრი დაზიანებულა. ვფიქრობ, ამ ძირეულ საკითხებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ სანქციების გაზრდა გამოსავალი არ არის“ – განაცხადა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, ავტომობილების ტექინპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დამატებითი ჯარიმები წესდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მმართველმა გუნდმა მოამზადა და პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციას არ ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის, ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით;
იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები