მამუკა მდინარაძე – კელი დეგნანზე: გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კელი დეგნანის შეფასებები მკაფიო უნდა იყოს.

„მკაფიოობაზე როცაა საუბარი, ამ ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ვუდასტურებთ რა პატივისცემას, ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან გუშინ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. დღეს ქალბატონი კელი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუ აქ არ იქნება მეტი მკაფიოობა და მეტად დაზუსტება, ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის პათოსს. ამას სჭირდება უფრო დაზუსტება და მკაფიოობა. ამავდროულად, თუ გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ, რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდზე ვდებთ სამართლის, დემოკრატიის პრინციპებს და ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება, მოხდეს, ავტორიტარულშიც ალბათ ამას ერიდებიან, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში როგორც შეიძლება, მოხდეს კონკრეტულ ადამიანს შეიძლება, მოერგოს პირდაპირ კანონი, ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, მეტი განმარტება და სიზუსტეა საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა: “ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის, ჩემიც. არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ქვეყნები მიმართავენ არასათანადო გავლენებს პოლიტიკურ სექტორში და ვფიქრობ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე. არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს და ჩამოყალიბდეს ისეთ რამეში, რაც საქართველოსთვის შესაფერისია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები