საპარლამენტო ოპოზიცია „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” ინიციატივით, „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი” წარმომადგენლებთან. პოლიტიკური ჯგუფი „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრისას სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეთავაზებები მოისმინეს.

„ორგანიზაციაში „საქართველოს სასამართლოს გუშაგი” ძალიან საინტერესო მკვლევარები არიან. დღევანდელი შეხვედრისას, მათ გაგვაცნეს ორწლიანი დაკვირვების შედეგები. ისინი ესწრებიან იუსტიციის საბჭოს სხდომებს, მონიტორინგს უწევენ ყველა საკითხს, რის შედეგადაც აღმოჩენილია საყურადღებო პრობლემები. ისინი აპირებენ ამ პრობლემებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შემოტანას პარლამენტში და ჩვენ ამ ცვლილებებს აუცილებლად მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას წარმოდგენილი იყო კონკრეტული მასალები, თუ როგორ ხდება იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგის შედგენა, სადაც წერია „ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა”. „სანამ უშუალოდ სხდომაზე არ დასახელდება გვარები ვინ სად ინიშნება, გარე სამყარო ვერც კი იგებს ვისი საქმე იხილება. ეს შემთხვევითი არაა. თუნდაც ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად მხოლოდ ერთი ადამიანი სახელდება და მთელ სასამართლო სისტემაში, მის გარდა არავის უჩნდება სურვილი, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს რამე თანამდებობაზე სასამართლოს შიგნით, ესეც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი სხვაგვარად წყდება. ბევრი ასეთი ფაქტებია ემპირიულად დაკვირვებული და დოკუმენტირებული და ამ ყველაფერს სჭირდება მოგვარება. ჩვენ ცხადია, მხარს დავუჭერთ ამ წინადადებებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები