ფრიდონ ინჯია – საცობებზე: რაღაც უნდა გავაკეთოთ, წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანები იყოს – ადამიანის ნერვებზე მოქმედებს, თუ რამე ზედმეტს ვლაპარაკობ, მითხარით
“შეუძლებელი გახდა ქალაქში სიარული. არ ვიცი, ქალაქის საკრებულო ფიქრობს ამაზე თუ ვინ ფიქრობს… მაგრამ შეუძლებელია… რაღაც უნდა ვიფიქროთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ საცობების პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, დედაქალაქში ამ კუთხით გახშირებული პრობლემა ადამიანის ნერვებზე მოქმედებს და შესაბამისი ზომებია მისაღები.
“წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანები იყოს… შეუძლებელი გახდა, მეგობრებო, ჩემო კარგებო… ვინც დადის ქალაქში მანქანით, დილის ან საღამოს საათებში – შეუძლებელი გახდა მოძრაობა და ამის ირგვლივ არაფერი კეთდება. მარტო ვაყენებთ შუქნიშნებს, მათი ბუმია. რაღაც ვიფიქროთ. ვიფიქრე, ბავშვები წავიდნენ სკოლაში და რამე შვება იქნება-თქო.
თუ მე რამე ზედმეტს ვლაპარაკობ, მითხარით. მთელი ქვეყნის საფიქრალია. ადამიანის ნერვებზე, ყველაფერზე მოქმედებს. ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ოპტიმიზაციას გააკეთებს, სადაც ის ხალხი ჩაერთვება, რომელმაც იცის ტრანსპორტის მოძრაობის საკითხები და ა.შ. ამას ვთხოვ მამაშვილურად, თორემ თუ რამე არ მოვიფიქრეთ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით”, – განაცხადა ინჯიამ.