კელი დეგნანი: სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა იყო განსაკუთრებით გასაკვირი

“სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა იყო განსაკუთრებით გასაკვირი, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს კრიტიკულ როლს ჯანსაღ დემოკრატიაში”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.

„დღეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, მოვსულიყავი პარლამენტში USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად. ჩვენ გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოში USAID-ის თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე მრავალ სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საბაზისო განათლება, პროფესიული განათლება, ინდუსტრიაზე ორიენტირებული უნარების განვითარება და, რა თქმა უნდა, დემოკრატია, მმართველობა. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ბევრი კარგი სამუშაო შევასრულეთ პარლამენტთან ერთად, მისი საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარების, მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე კანონმდებლობის შემუშავებაში დახმარების, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით. ასე რომ, შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, წარგვედგინა USAID-ის მისიის ახალი დირექტორი. როგორც სპიკერმა თავად აღნიშნა, მან კარიერის დიდი ნაწილი გაატარა განვითარების სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებაში. ჩვენთვის სასარგებლო იყო, გაგვეცვალა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენ გვაქვს ასეთი ხანგრძლივი პარტნიორობა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა იყო განსაკუთრებით გასაკვირი, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს კრიტიკულ როლს ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ზოგჯერ ეს შეფასება არაკომფორტულია, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს – იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, გამონაბოლქვთან ბრძოლა, დასაქმებულების, უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება. სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ კარგი სამუშაო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები