ირაკლი კობახიძე: “ხალხის ძალას“ და ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს, რა დოზით ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე

“ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდსა და „ხალხის ძალას“ შორის ღირებულებით ნაწილში განსხვავება არ არის.

„რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები