დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო კომიტეტის წევრებს. ცვლილებებით ხდება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედების გადავადება 2024 წლის 1 მარტამდე. მომხსენებლის განმარტებით, საკმაო დრო სჭირდება აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას და გამოცდების ორგანიზებას, რაც 2022 წლის 1 ოქტომბრისთვის ვერ მოესწრება.
მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიხედვით ცვლილება ეხება ტექნიკური ზედამხედველობის განმხორციელებელ სუბიექტებს. კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2024 წლის 1 მარტამდე. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში, რომელშიც შეჩერდება სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მუხლის მოქმედება.
„ასევე, ამ მუხლს მოეხსნება დაჩქარებული სტატუსი, რათა გაიმართოს კონსულტაციები შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან, რომ თითოეული რეფორმა, რომელსაც კომიტეტის ფარგლებში ვიღებთ იყოს მაქსიმალურად ყველა მხარის ინტერესების დაცვით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღნიშნული საკითხების თაობაზე იმსჯელეს კომიტეტთან არსებული სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს არქიტექტორების (ნიკოლოზ აბაშიძე, თამაზ გიორგაძე) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე – „არქიტექტორები სერტიფიცირების ანტი ევროპული წესის წინააღმდეგ”.
დავით სონღულაშვილის თქმით, პეტიციით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგად პარლამენტში დაინიცირდა პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი „სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს პეტიციის ავტორების მოთხოვნას სერტიფიცირების წესის მიღების გადავადების საკითხზე. „ვინაიდან სამშენებლო დარგი ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა და სამშენებლო პროცესის ხარისხიანი მართვისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კომიტეტი აღნიშნულ საკითხებზე განაგრძობს მუშაობას მასთან არსებულ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი შემუშავებულია საქართველოს მიერ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე აღებული ვალდებულებით. წარმოდგენილი ცვლილებით ფინანსურ ინსტიტუტებს უჩნდებათ ვალდებულება პერიოდულად, წელიწადში ერთხელ, მიაწოდონ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს, რომელიც ამ შეთანხმების მიზნებისთვის არის კომპეტენტური ორგანო და თავის მხრივ საგადასახადო ორგანოს აქვს ვალდებულება უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს მათი რეზიდენტების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის 10 კანონში, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტშია თავმოყრილი.
მომხსენებლის თქმით, კანონი ამოქმედდება 2023 წლიდან, ხოლო ინფორმაციის გაცვლა დაიწყება 2024 წლიდან, რადგან ერთი წელია საჭირო რომ მოხდეს ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც გერმანიის ფედერალური მთავრობის და OECD-ის დახმარებით ხორციელდება. პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა კანონპროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძის განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში მეზღვაურის, როგორც რეგულირებადი განათლების მიღების საფუძვლები. კერძოდ, 12 თვიდან 6 თვემდე მცირდება გასაუბრებაზე ჩაჭრილი მეზღვაურის გასაუბრების ხელახლა გასვლის ვადა რათა მეზღვაური კომპეტენციის გამოცდისთვის მოემზადოს და ხელი არ შეეშალოს დასაქმებაში.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეზღუდებათ საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება. კონკრეტულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ფლობენ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებულ საზღვაო განათლებას, მიიღებენ კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს, მაგრამ აიღებენ მხოლოდ განათლების დიპლომს და სამუშაო დიპლომის აღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. განხილულ კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.