გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის – „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე” ჯგუფმა კვლევის საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გამართა.
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თემატური მოკვლევის ექსპერტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქალების მიერ ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლის შეკითხვებს უპასუხეს.
„თემატური მოკვლევა ძალიან საინტერესო მიმართულებებს ეხება. ერთი ის, რომ თუ რა მასშტაბით და მოცულობით ხდება ქალების მიერ ფინანსურ რესურსებზე წვდომა, ეს პირდაპირ განაპირობებს ქვეყნის სიღარიბის დონის განსაზღვრას. ანუ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ადამიანებს და ზოგადად ქალებს თითქმის არ აქვთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა თანასწორობის საკითხი და ქალების ეკონომიკური გაძლიერება ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას შორის ხაზგასმით არის აღნიშნული. შესაბამისად, ქალების მიერ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და მათი ეკონომიკური სიძლიერე მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის”, – განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე შეფასებით, თემატური მოკვლევა არ ემსახურება მხოლოდ კონკრეტული პრობლემის დანახვას და გააზრებას. მთავარი მომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ დაინახოს პრობლემის მასშტაბურობა და ყველა უწყებისთვის მომზადდეს ისეთი შესრულებადი რეკომენდაციები და მიდგომები, რომლებიც კონკრეტულ შედეგებზე და არსებული გამოწვევების დასაძლევად იქნება მიმართული.