იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ევროპული სტრუქტურების მიერ დეოლიგარქიცაზიის შესახებ უკრაინის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის თაობაზე რეკომენდაცია გაიცა.
„შესაბამისად, საქართველოსთვის ის მიდგომა, რაც უკრაინისთვის გაიწერა, რომ დაწყებულიყო კანონის შესრულება, ობიექტურ საზომს წარმოადგენს. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და თუ მათი მხრიდან მოწონებული იქნა უკრაინული მოდელი, მაშინ ლოგიკურია, რომ იგივე მოდელი ჩვენთან მიმართებაშიც პოზიტიურად შეფასდება. ამიტომ ჩვენ რაიმე ახალი კანონი არ შეგვიქმნია – ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იგივე პრინციპებზე დაფუძნებით, მის დაინიცირებას მოვახდენთ. ლოგიკა მარტივია – ევროპული სტრუქტურები პოზიტიურად უყურებენ უკრაინაში მოქმედ სტრუქტურას და მოდელს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იგივე სტრუქტურა და მიდგომა ასევე დადებითად იქნება შეფასებული”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული მოდელი დასკვნისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ქართული მხარე დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ პროექტზეც გაიცეს კომისიის შესაბამისი დასკვნა.
„ჩვენ პრაგმატულად, დროში გაწერილი ვადების შესაბამისად ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს პუნქტი ჩაითვალოს შესრულებულად. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც უკრაინულ მოდელში, ასევე ქართულ ვერსიაშიც ბევრი სამართლებრივი ხარვეზია და კომიტეტზე მსჯელობის ფარგლებში თუ იქნება რაციონალური შემოთავაზებები, ჩვენ დამატებით მსჯელობებს გავმართავთ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრებმა, უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. კანონპროექტის დეტალური განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.